თქვენი საგადასახადო კითხვები — მარტივად და გასაგებად
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Tax Q&A სივრცეში!
აქ ნახავთ მოკლე და სასარგებლო ვიდეოებს, მნიშვნელოვან საგადასახადო სიახლეებს და მარტივ პასუხებს საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე.
ჩვენ გვჯერა, რომ საგადასახადო ინფორმაცია უნდა იყოს მარტივი და გასაგები ყველასთვის.
ჩვენი პასუხები ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და რეალურ ბიზნეს სიტუაციებს საქართველოში.
გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთესი ფინანსური და საგადასახადო გადაწყვეტილებების მიღებაში.
ჩუქებით მიღებული ქონება
📌 კითხვა: მამისგან ჩუქებით მივიღე ბინა. გადასახდელი თუ მაქვს მიღებული ქონების 20% და როდის უნდა გადავიხადო?
✅ პასუხი: რადგან წარმოადგენთ პირველი რიგის მემკვიდრეს, მიღებული ქონება საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბინის გაყიდვის შემთხვევაში შესაძლოა წარმოგეშვათ საგადასახადო ვალდებულება. ეს დამოკიდებულია თქვენი და მჩუქებლის ქონების საკუთრებაში ფლობის ჯამურ ვადაზე .
Glovo, Wolt - ით მიღებული შემოსავლის აღრიცხვა
📌 კითხვა: მაქვს საცხობი და ვიყენებ Wolt-ის მომსახურებას, რომელიც პერიოდულად გაყიდული პროდუქციის თანხას მირიცხავს ანგარიშზე. რა თანხა უნდა დაიბეგროს?
✅ პასუხი: დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოთ საანგარიშო პერიოდში გაყიდული პროდუქციის სრული ღირებულება და არა მხოლოდ ის თანხა, რომელიც ანგარიშზე ჩაგერიცხათ, რადგან Wolt ანგარიშზე გირიცხავთ გაყიდული პროდუქციის თანხას საკუთარი საკომისიოს გამოკლებით.
საანგარიშო პერიოდში გაყიდული პროდუქციის სრული ღირებულების ნახვა შეგიძლიათ Wolt-ის პარტნიორის ელექტრონულ პორტალზე.
განბაჟება თუ საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება
📌 კითხვა: უცხოური საიტიდან პირადი მოხმარებისთვის ცალ-ცალე გამოვიწერე ორი ნივთი. მათი ღირებულება 100-100$-ზე ნაკლები იყო, მაგრამ მაინც დამერიცხა დღგ.
✅ პასუხი: თუ ერთი გადამზიდველის მიერ ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაიზიდება რამდენიმე სასაქონლო პარტია, ისინი შესაძლოა ჩაითვალოს სასაქონლო პარტიათა ნაკრებად, რის შედეგადაც მათი საბაჟო ღირებულება ჯამდება.
სავარაუდოდ, სწორედ ამ საფუძვლით მოხდა თქვენი გზავნილების ერთ დეკლარაციაში გაერთიანება. შესაბამისად, რადგან ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 300 ლარს გადააჭარბა, წარმოიშვა დღგ-ის გადახდის ვალდებულება.
გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიბმა
📌 კითხვა: ჩვენ მიერ 2025 წელს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიბმა მიმდინარე წელს თუ შეიძლება? რაიმე ჯარიმა ხომ არ იქნება?
✅ პასუხი: თქვენ მიერ 2025 წელს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიბმა მიმდინარე წელსაც შეგიძლიათ. აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.
ინდივიდუალური მეწარმის მიერ გაწეული მომსახურების დაბეგვრა
📌 კითხვა: ინდივიდუალურმა მეწარმემ, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, გაგვიწია მომსახურება. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ამ თანხას ვბეგრავთ თუ მხოლოდ ინფორმაციას ვუთითებთ?
✅ პასუხი: თუ მომსახურების გამწევს აქვს ინდივიდუალური მეწარმისა და მცირე ბიზნესის სტატუსი, გადამხდელი საწარმო საშემოსავლო გადასახადს არ აკავებს (არ ბეგრავს). დეკლარაციაში მხოლოდ ინფორმაციის სახით მიუთითებთ შესაბამის მონაცემებს. 😊
ქონების გადასახადის მიზნებისთვის მიღებული შემოსავალის განსაზღვრა
📌 კითხვა: მამისგან ჩუქებით მიღებული ბინის ღირებულება ან ამ ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი ქონების გადასახადის მიზნებისთვის მიღებულ შემოსავალში ჩაითვლება?
✅ პასუხი: თუ ბინა მამისგან ჩუქებით გაქვთ მიღებული, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით, მისი ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მიღებულ შემოსავალში არ გაითვალისწინება.
ასევე, თუ ბინა 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო თქვენს საკუთრებაში, მისი გაყიდვით მიღებული შემოსავალიც ქონების გადასახადის მიზნებისთვის მიღებულ შემოსავალში არ ჩაითვლება.
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება
📌 კითხვა: ბიუჯეტის მიმართ დავალიანების გამო დამედო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. დავალიანება უკვე გადავიხადე, თუმცა შემოსავლების სამსახურისგან ჯერ პასუხი არ მიმიღია. როგორ შემიძლია გადავამოწმო, მოიხსნა თუ არა?
✅ პასუხი: აღნიშნულის გადამოწმება შეგიძლიათ my.gov.ge-ზე, „ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის“ მეშვეობით. ბმული https://www.my.gov.ge/ka-ge/services/5/service/181
ასევე, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს
ერთი უკან დაბრუნების ზედნადებით რამდენიმე ანგარიშ-ფაქტურის კორექტირება
📌 კითხვა: ამ თვეში მყიდველმა დაგვიბრუნა სხვადასხვა პერიოდში შეძენილი საქონელი, რომელზეც გამოვწერეთ ერთი უკან დაბრუნების ზედნადები. მყიდველი გვთხოვს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებას, თუმცა ტექნიკურად ვერ ვახერხებ. შესაძლებელია თუ არა აღნიშნულის განხორციელება?
✅ პასუხი: დიახ, შესაძლებელია. ანგარიშ-ფაქტურის კორექტირებისას, უკან დაბრუნების ზედნადების არჩევის შემდეგ მონიშნეთ ფუნქცია „პროდუქციის გარეშე გადატანა“.
ამის შემდეგ ანგარიშ-ფაქტურაში ხელით შეასწორეთ ამ ფაქტურიდან დაბრუნებული საქონლენზე ინფორმაციას.
ანალოგიურად მოიქეცით დანარჩენ ანგარიშ-ფაქტურებთანაც — თითოეულ მათგანს მიაბით იგივე უკან დაბრუნების ზედნადები, მონიშნეთ „პროდუქციის გარეშე გადატანა“ და ხელით მოახდინეთ მხოლოდ შესაბამისი საქონლის კორექტირება.
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი
📌 კითხვა: შეუძლია თუ არა შპს-ს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირება?
✅ პასუხი: შეუძლია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 და 95¹ მუხლების მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდული პირი.
ფაქტურის დადასტურება პირის მიერ, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად
📌 კითხვა: ვარ მცირე მეწარმე და არ ვარ რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შევიძინე საქონელი, რაზეც მაღაზიამ გამომიწერა ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში შემიძლია თუ არა ფაქტურის დადასტურება?
✅ პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება შესაძლებელია. აღნიშნული არ წარმოშობს დამატებით საგადასახადო ვალდებულებას.
ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის ნახვა
📌 კითხვა: თუ შემიძლია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის ნახვა?
✅ პასუხი: ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის ნახვა შეგიძლიათ my.gov.ge-ზე, „სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის“ მეშვეობით. ამისთვის უნდა შეიყვანოთ სანოტარო მოქმედების
რეგისტრაციის ნომერი;
ინდივიდუალური ნომერი.
🔗 https://www.my.gov.ge/ka-ge/services/9/service/201
მიწის გაყიდვისას წარსადგენი დეკლარაცია
📌 კითხვა: ვარ ფიზიკური პირი. ვიყიდე მიწა და რამდენიმე თვეში გავყიდე. მაინტერესებს, რომელი დეკლარაცია უნდა წარვადგინო და რა ვადაში?
✅ პასუხი: თუ აღნიშნული მიწის რეალიზაცია განხორციელდა არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, უნდა წარადგინოთ „ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია“.
დეკლარაცია უნდა წარადგინოთ არაუგვიანეს მიწის რეალიზაციის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
ავტოსამრეცხაოს სტატუსი
📌 კითხვა: ავტოსამრეცხაო მაქვს. შემიძლია თუ არა ფიქსირებული გადასახადის გადამხდლის სტატუსით სარგებლობა? ფიქსირებული საქმიანობების ჩამონათვალში ავტოსამრეცხაო ვერ ვნახე.
✅ პასუხი: ფიქსირებული გადასახადის გადამხდლის სტატუსისთვის განსაზღვრული საქმიანობების ჩამონათვალში ავტოსამრეცხაო ცალკე სახელწოდებით მითითებული არ არის. თუმცა, ავტომობილების რეცხვა მიეკუთვნება ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას (ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული კლასიფიკატორი — კოდი 45.20.0).
შესაბამისად, ავტოსამრეცხაოს საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიქსირებული გადასახადის გადამხდლის სტატუსით.
კვების ობიექტი - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება
📌 კითხვა: ვაპირებ პატარა კაფის გახსნას. უკვე დარეგისტრირებული ვარ მეწარმედ, თუმცა მითხრეს, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე დამატებით კიდევ სხვა რეგისტრაციაც მჭირდება.
✅ პასუხი: დიახ, კვების ობიექტები ვალდებულნი არიან საქმიანობის დაწყებამდე დარეგისტრირდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 📄
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია:
🔹 იუსტიციის სახლში;
🔹 ან ონლაინ — my.gov.ge-ზე ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით.
მცირე ბიზნესის 500 000 ლარიანი ზღვარი
📌 კითხვა: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიან ზღვარში ხელფასი და დივიდენდი თუ გაითვალისწინება? 🤔
✅ პასუხი:არა. ხელფასი და დივიდენდი აღნიშნულ ზღვარში არ მონაწილეობს.
📌 ხელფასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმა მოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლში, ხოლო დივიდენდთან დაკავშირებით – „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №415 დადგენილებაში.
📌 კითხვა: მაქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. დაქირავებულ თანამშრომელზე წლიურად 6 000 ლარამდე ხელფასზე საშემოსავლოს არ ვიხდი? 🤔
✅ პასუხი: დიახ, ნამდვილად ასეა — კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად 6 000 ლარამდე გადახდილი ხელფასი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.
📌 კითხვა: მაქვს ონლაინ მაღაზია, თუმცა საგადასახადო რეგისტრაცია ჯერ არ გამივლია. ასეთ შემთხვევაში პირველად გაფრთხილებაა თუ პირდაპირ ჯარიმა? 🤔
✅ პასუხი: ქმედების პირველად გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლოა გამოიყენოს გაფრთხილება.
📌 კითხვა: ვერ მოვახერხე დეკლარაციის დროულად ჩაბარება და ჯერ კიდევ არ გამიგზავნია. რამდენი იქნება ჯარიმა? 🤔
✅ პასუხი: თუ დეკლარაციას დაგვიანებიდან 2 თვის ვადაში გააგზავნით, ჯარიმა იქნება გადასახდელი გადასახადის 5%. ხოლო თუ დაგვიანება 2 თვეზე მეტია — ჯარიმა გაიზრდება გადასახადის 10% ⚠️
📌 ასევე გაითვალისწინეთ: თუ დეკლარაციის მიხედვით გადასახდელი თანხა 0 ლარია, აღნიშნული ჯარიმა არ დაგეკისრებათ. ✅
საგადასახადო და საბანკო ოპერაციებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
📌 კითხვა: რს-ის გვერდზე ვერ შევდივარ და ასეთ შეტყობინებას მაჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ საწარმო გაუქმდა ან ლიკვიდაცია მოხდა? 🤔
✅ პასუხი: არა, ეს საწარმოს გაუქმებას/ლიკვიდაციას არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში უბრალოდ შეზღუდულია წვდომა რს-ის გვერდზე. ასევე, შეზღუდვა გავრცელდებოდა საბანკო ანგარიშებზეც. 📌 შეზღუდვა ავტომატურად მოიხსნება მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში განაახლებთ საწარმოს შესახებ ინფორმაციას — „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
სილამაზის სალონის საქმიანობის სტატუსი
📌 კითხვა: მაქვს სილამაზის სალონი. შემიძლია ვისარგებლო მცირე ბიზნესის სტატუსით? 🤔
✅ პასუხი: სალონის საქმიანობაზე მცირე ბიზნესის სტატუსით ვერ ისარგებლებთ, რადგან ეს საქმიანობა ფიქსირებული გადასახადის რეჟიმს მიეკუთვნება.
📌 თუმცა, თუ დამატებით სხვა საქმიანობასაც ეწევით — მაგალითად, ეპილაციის მომსახურებას — ამ ნაწილში შესაძლებელია მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენება.
მცირე ბიზნესის სტატუსი
📌 კითხვა: იმპორტირებული ჭურჭლისა და სახლის ნივთებისთვის რა სტატუსი დამჭირდება? 🤔
✅ პასუხი: შეგიძლიათ მოითხოვოთ მცირე ბიზნესის სტატუსი და ამ სტატუსის ფარგლებში ყოველთვიურად მიღებული შემოსავალი 1%-ით დაიბეგრება.
📌 ამისთვის საჭიროა:
* ჯერ დარეგისტრირდეთ ინდივიდუალურ მეწარმედ
* შემდეგ განცხადებით მიმართოთ შემოსავლების სამსახურს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისთვის
დაქირავებული პირისთვის მიწოდება
📌კითხვა: ვარ კვების ობიექტი და როგორ აღვრიცხო თანამშრომლების კვების ხარჯები კანონიერ ბიზნეს ხარჯად?
✅ პასუხი: თანამშრომლების კვების დანახარჯების ხარჯებში გატარებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ოპერაცია თანამშრომლისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდებად ითვლება.
თუმცა შესაძლოა არსებობდეს გამონაკლისი შემთვევებიც, რაც დამოკიდებულია საქმიანობის სპეციფიკასა და პირობებზე.
ხელფასის ნაღდი ფულით გადახდა
📌 კითხვა: თანამშრომელს ხელფასი ნაღდი ფულით რომ გადავუხადო, თუ შეიძლება? 🤔
✅ პასუხი: დიახ, კანონით ხელფასის ნაღდი ფულით გაცემა აკრძალული არ არის. თუმცა სასურველია, თანხის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურდეს — მაგალითად, ხელფასის უწყისით. 📄
რათა მომავალში შესაძლო დავების ან გაუგებრობების თავიდან აცილება მოხდეს.
სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი ფორმა
📌 კითხვა: მჭირდება საბუღალტრო კონსულტაცია / საგადასახადო თემაზე, არ ვიცი როგორ დავრეგისტრირდე: შპს თუ ინდმეწარმე? იქნებ მირჩიოთ
✅ პასუხი: ძირითად შემთხევაში უმჯობესია ინდივიდუალური მეწარმე, რადგან საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულია ისეთი სტატუსები, რომლებიც შეღავათიან დაბეგვრის რეჟიმებს ითვალისწინებს.
თუმცა ეს დამოკიდებულია ბრუნვასა და საქმიანობის ტიპზე.
სამეწარმეო საქმიანობა და დაქირავებით მუშაობა შეთავსებით
📌 კითხვა: არის თუ არა კომპანია ან ბიზნეს სფერო, ვინც თავს აარიდებს ინდმეწარმის სტატუსის მქონე ადამიანის დასაქმებას? რაში შეიძლება შემიშალოს ხელი ინდმეწარმის სტატუსმა თუ მოვინდომებ სადმე ხელფასზე მუშაობას (თან ჩემი საქმე მქონდეს)?
✅ პასუხი: ზოგადად, შეგიძლიათ ერთდროულად იყოთ როგორც დასაქმებული პირი, ასევე ინდმეწარმე.
თუმცა, გარკვეულ კომპანიებს შესაძლოა შიდა პოლიტიკთ ჰქოდეთ შეზღუდვები.
ასევე საბიუჯეტო სექტორიც ძირითად შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობას კრძალავს.
ინფორმაცია საბანკო გადარიცხვებზე
📌 კითხვა: საგადასახადო ყველა საბანკო გადარიცხვას ხედავს?
✅ პასუხი: არა — საგადასახადო ორგანო ავტომატურად არ ხედავს საბანკო გადარიცხვებს.
თუმცა, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ინფორმაცია მოგთხოვონ ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ბანკიდან გამოითხოვონ.
ბუღალტრის ყოლის ვალდებულება
📌 კითხვა: მე თვითონ შევძლებ ბუღალტერიის წარმოებას ჩემი ბიზნესისთვის თუ აუცილებლად ბუღალტერი უნდა მყავდეს?
✅ პასუხი: კანონმდებლობით ბუღალტრის ყოლა სავალდებულო არ არის 😊
შესაბამისად, თუ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და დროითი რესურსი, ბუღალტერიის წარმოებას თავადაც შეძლებთ.
დანაკლისის დაბეგვრა
📌 კითხვა: ინვენტარიზაციის დროს დანაკლისი დამიფიქსირდა და ჯარიმა დამერიცხა. როგორ მოვიქცე? 🤔
✅ პასუხი: თუ საგადასახადო ორგანომ ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისი გამოავლინა და ამ პერიოდზე საგადასახადო შემოწმება არ მიმდინარეობს, მაშინ აღნიშნული დანაკლისი უნდა აჩვენოთ გამოვლენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად (დღგ, მოგება). 📄
ამასთან, თუ არ ეთანხმებით ინვენტარიზაციის შედეგებს, შეგიძლიათ გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროთ.
ბიუჯეტის მიმართ დავალიანების გადამოწმება
📌 კითხვა: ვარ ფიზიკური პირი, საერთოთ მაქვს თუ არა სახემწიფოს მიმართ რამე დავალიანება, ეს როგორ მოვძებნო?
✅ პასუხი: აღნიშნულის გადამოწმება შეგიძლიათ შემოსავლების სამსახურის (RS) ვებგვერდზე — „ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცის“ - მოდულის მეშვეობით. https://www.rs.ge/AboutTaxIndebtednessInfo
თუ ბიუჯეტის მიმართ რაიმე დავალიანება გაქვთ, ინფორმაცია იქ გამოჩნდება.
ხოლო იმის გასაგებად, კონკრეტულად რის გამოა დარიცხული ვალდებულება, შეგიძლიათ:
🔹 გადაამოწმოთ ინფორმაცია RS-ის პირად გვერდზე;
🔹 ან მიმართოთ შემოსავლების სამსახურს დამატებითი განმარტებისთვის.
ხე-ტყის აღრიცხვა
📌 კითხვა: საწარმომ შეიძნა ხე-ტყეს მასალა (ფიჭვის ფიცარი) საკუთარი შენობის ასაშენებლად. რს-ის გვერდზე, ხე-ტყის აღრიცხვის ნაწილში, თუ მაქვს რაიმე ვალდებულება? 🤔
✅ პასუხი: დიახ, რს-ის გვერდზე ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონულ ჟურნალში უნდა განახორციელოთ ხე-ტყის სასაქონლო შეტყობინების გამოწერა ამ მასალის ხარაჯვის შესაბამისად. 📄
ტურისტული საქმიანობის სუბიექტებისთვის სავალდებულო რეგისტრაცია
📌 კითხვა: ვარ გიდი და ტურისტებს ვემსახურები. როგორც მითხრეს, საქმიანობა უნდა დავარეგისტრირო, თუმცა ზუსტად ვერ გავერკვიე სად.
✅ პასუხი: 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა 2026 წლის ბოლომდე. 📄 რეგისტრაციის ბმული 👇
https://places.georgia.travel/platform/login
ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის გაუქმება
📌 კითხვა: ინდ. მეწარმის სტატუსის გაუქმება როგორ უნდა გავაკეთო? 🤔
✅ პასუხი: ინდივიდუალური მეწარმის სარეგისტრაციო მონაცემების გაუქმებისთვის უნდა მიმართოთ სსიპ — საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 📄
თუმცა, გაითვალისწინეთ, აღნიშნულის მიუხედავად რჩებით შემოსავლების სამსახუში რეგისტრირებული ფიზიკური პირი და მეწარმის სტატუსის გაუქმება არ არის შემზუდველი საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის.
სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიშგების გაგზავნის ვალდებულება
📌 კითხვა: მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის ბრძანებაში მითითებულია, რომ ყოველწლიურად მაქვს გასგზავნი სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგება. ვერ მივხვდი საიდან უნდა გაიგზავნოს.
✅ პასუხი: სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის (RS) ელექტრონული სერვისების მეშვეობით.
RS-ის ვებგვერდზე საძიებო ველში ჩაწერეთ „სტატისტიკური ფორმა“, რის შემდეგაც გამოჩნდება შესაბამისი ფორმები. თქვენს შემთხვევაში შესავსებია:
🔹 მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების საბადოთა მდგომარეობისა და შესწავლის შესახებ;
🔹 მონაცემები მიწისქვეშა წყლების და არასაწვავი აირების რეჟიმული ჰიდროგეოლოგიური დაკვირვებების, მოპოვებისა და წიაღით სარგებლობის შესახებ.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ ახორციელებთ მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას, ვალდებული ხართ წარადგინოთ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების“ დეკლარაცია ყოველ ექვსთვიან საანგარიშო პერიოდზე:
📅 არაუგვიანეს 15 ივლისისა და
📅 არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.
ფიტო-ვეტის წინასწარი შეტყობინება
📌 კითხვა: შემომაქვს მცენარეული წარმოშობის პროდუქტი. ავტვირთე წინასწარი დეკლარაცია, თუმცა დამატებით მომთხოვეს ფიტოსანიტარიულ კონტროლთან დაკავშირებით ინფორმაციის გაგზავნა. როგორ უნდა გავაკეთო?
✅ პასუხი: ფიტო-ვეტის წინასწარი შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ შემოსავლების სამსახურის (RS) პირადი გვერდიდან. საძიებო ველში ჩაწერეთ „ფიტო“, რის შემდეგაც გამოჩნდება შესაბამისი მოდული. აღნიშნულ ფორმაში უნდა შეავსოთ ინფორმაცია შემოსატანი საქონლის შესახებ, მათ შორის:
🔹 მიმღების/მომწოდებლის მონაცემები;
🔹 ტრანსპორტირების ინფორმაცია;
🔹 სხვა მოთხოვნილი მონაცემები;
🔹 ატვირთოთ ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.
დეტალური ინსტრუქცია ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე - https://rs.ge/ServicesCatalog?AdvancePhytoVetNotificationGuide&guid=3EE7D68D5A73C577E063970214AC5777
⚠️ გაითვალისწინეთ, რომ ფიტო-ვეტის წინასწარი შეტყობინების მომსახურება ფასიანია.
Simplifying tax for your success
TaxSolutions-ში მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს, მნიშვნელოვან სიახლეებს და პასუხებს რეალურ საგადასახადო კითხვებზე.
📌 გამოგვყევით მეტი საგადასახადო ინფორმაციისა და ვიდეოპასუხებისთვის.